- სულ ცოტათი მაინც არ გიყვარვარ? – გუშინ მკითხე. პატარა ბავშვივით, ქვემოდან რომ გიყურებს და ვითომ სხვათაშორის გაძლევს ისეთ შეკითხვას რაც ძალიან, მთელი გულით და სულით უნდა რომ შეუსრულო.
- არაა. – ეს ჩემი პასუხია. ღიმილიანი და ავტომატური. სპონტანური უარყოფა, საუკეთესო საშუალებაა ხუმრობაში გაატარო ყველაფერი ამქვეყნად. ვინ გაბედავს გაგისერიოზულოს ან პასუხი მოგთხოვოს რამეზე. თუ პასუხი გინდა ხუმრობით ნუ მეკითხები, ბავშვური სახით.
ხომ რიგითი დღეა. ზის ბიჭი ნათელი, ეშმაკური სახით და ყოველგვარი შავბნელი აზრების გარეშე ღიმილით გეკითხება -სულ ცოტათი მაინც არ გიყვარვარ??
დაბრუნდება სახლში ჩემი გმირი და დაიწყებს არგუმენტების ძებნას რატომ არ შეიძლება უყვარდეს სულ ცოტათი მაინც ასეთი ბიჭი. არგუმენტები გაცვეთილია, საკმაოდ სნობური და ფუჭი.
ძილის წინ მაინც ის გაახსენდება. სიცილით ნათქვამი ფრაზა, მორიგი სისულელე და უცებ რომ ჩაგიხუტებენ, ასევე ღიმილით გეტყვიან – ნუ გეშინია.
რატომ??
არაფრისაც არ მეშინია. ვამტკიცებ ხმამაღლა და უწყვეტად. -არ მეშინია არაფრის! სიკვდილისაც კი.
და ისევ – „ნუ გეშინია“.
ზეწარი დაიჭმუჭნა, ოთხივე ბალიში დაჭყლეტილი გდია საწოლში და მაინც აგრძელებ ბრუნვას, ვიღაცას უმტკიცებ თვალდახუჭული – არ მეშინია, დაგწყევლოს ეშმაკმა. ისეთი სიჩუმეა, ვერც დაიძინებ ადამიანი, საკუთარი აზრები ზედმეტად ხმამაღლა გესმის. გესმის? გეუბნები და დაიჯერე – არ მეშინია. თორემ ავდგები და იაპონელი მფრინავივით შევასკდები კლდეს, რომ დავამტკიცო ერთხელ და სამუდამოდ – გავიმარჯვე.
გამარჯვება აბსტრატული ცნებაა და ადამიანთა ენაზე გაგიჟებას ნიშნავს. ‘ხუთი საათია დილის არასრული, ასეთ დროს საერთოდ ფხიზლობენ გიჟები’….
ვფხიზლობ ამაყად, შეწუხებული და …
მეზობელი გარდაეცვალა ვიღაცას. საწყალი, გაწამებული ბავშვი იყოო – დიალოგი ტელეფონზე.
საწოლი ისევ, დაჭმუჭნული, ძალიან ნაცნობი და ძალიან უცხო. დავწვავდი სიამოვნებით, წითლად ავაბრიალებდი სახეებს,ხელებს,ფრაზებს,თვალებს,სიცოცხლის დღეებს. დაგწვავდით ყველას დაუნანებლად. ირაკლლი, გაწამებული ბავშვი ტელეფონზე ყურმოკრული დიალოგიდან. მას რაღას ვერჩი. აბა დაეწყვეთ, მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა სასწრაფოდ და ხმაურით. ჰეი შენ, კლავიშებზე მობრახუნევ, ადექი და ნებითა შენითა შეუერთდი მობრიალე სახეებს.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ახლა მკითხე აბა.
-სულ ცოტათი მაინც არ გიყვარვარ?
- არა.
მაგრამ მოგატყუებ, არ მენანება. რამდენი მოვატყუე, შენ რაღა დააშავე. ზღვარი არ არსებობს – ან ყველა გიყვარს, ან არავინ. დაუდგით ერთმანეთს ძეგლები, იფხიზლეთ ვნებით შეპყრობილებმა, მაგრამ არაფერი შეიცვლება. გიყვარს ყველა, ან – არავინ. მერე უკვე იტყუები, ახარისხებ, იღიმი, ბალიშებს ერჩი.